logo
ENG



სამინისტრო: სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ბინებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ

16 იან 202219:29
3 წუთის საკითხავი
 
სამინისტრო: სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ბინებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილების აქციაზე კაცის შენობიდან გადმოხტომას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ "უბედურ შემთხვევასთან" დაკავშირებით.

"ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს".

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

"ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა. იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს.

დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს", - ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს, 16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა